
საქართველოში კალათბურთის განვითარების ისტორიაში ახალი ფურცელი იშლება – NBA, მსოფლიოს წამყვანი საკალათბურთო ლიგა, ოფიციალურად შემოდის ჩვენს ქვეყანაში. ჯანო ბაგრატიონის სახელობის სპორტული სკოლისა და ჯეიბიეს აკადემიის შვილობილმა კომპანიამ „ჯეიბიეს კალათბურთმა“ NBA-სთან ფრანჩაიზის ხელშეკრულება გააფორმა და საქართველოში პირველი ოფიციალური NBA Basketball School-ის გახსნაზე მოიპოვა ლიცენზია. ქართველი ახალგაზრდებისთვის ეს ნიშნავს, რომ მათ ეძლევათ შესაძლებლობა ივარჯიშონ იმავე პროგრამით, რომელიც შემუშავებულია NBA-ის საერთაშორისო კალათბურთის ოპერაციების დეპარტამენტის მიერ, მოქმედ და ყოფილ NBA-ის მწვრთნელებთან, მოთამაშეებთან და სპეციალისტებთან კონსულტაციით.
პროექტი სტარტს აიღებს 10-14 სექტემბერს 5-დღიანი ინტენსიური საშემოდგომო ბანაკით, სადაც 9-17 წლის ბავშვებს მიეცემათ შანსი, გამოიმუშაონ ტექნიკური უნარები, შეისწავლონ გუნდური მუშაობის პრინციპები და განივითარონ საკალათბურთო აზროვნება, NBA-ის მეთოდოლოგიით. ბანაკში მონაწილეებს მენტორობას გაუწევენ NBA-ს მიერ სერტიფიცირებული საერთაშორისო მწვრთნელები, ხოლო ინდივიდუალური მიდგომა ყველა მონაწილის მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს.
29 სექტემბრიდან კი იწყება სრულფასოვანი პროგრამა, სადაც გუნდები ივარჯიშებენ კვირაში სამჯერ NBA-სა და USA Basketball-ის რეკომენდაციების შესაბამისად. გუნდები მიიღებენ მონაწილეობას არა მხოლოდ ადგილობრივ ტურნირებში, არამედ ამხანაგურ მატჩებსა და საერთაშორისო შეჯიბრებებშიც, რაც ახალგაზრდა სპორტსმენებს მისცემს გლობალურ საკალათბურთო სივრცეში ინტეგრაციის შესაძლებლობას.

„ქართველ ახალგაზრდებს ეძლევათ იშვიათი შანსი – ივარჯიშონ და განვითარდნენ იმავე სტანდარტებითა და მეთოდოლოგიით, რასაც იყენებენ მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში,“ – გვიამბობს ირაკლი შენგელია, NBA Basketball School Georgia-ს გენერალური მენეჯერი.
M: რა გზა გაიარეთ NBA-სთან თანამშრომლობის დასაწყებად და რა უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს NBA Basketball School Georgia ქართველ ახალგაზრდებს?
NBA-თან მოლაპარაკება წელიწადზე მეტხანს გრძელდებოდა და საკმაოდ რთული პროცესი იყო. მოხარულნი ვართ, რომ შევძელით მათი დარწმუნება და საქართველოში შემოყვანა. გვჯერა, რომ NBA-ს საკალათბურთო სკოლის გახსნა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული კალათბურთის განვითარებაში და ქართველ ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, NBA-ს დიდი ოჯახის ნაწილი გახდნენ.
სკოლის მთავარი უპირატესობაა NBA-ს მიერ შემუშავებული უნიკალური სასწავლო პროგრამა – The NBA Way. ეს გახლავთ 1,200-გვერდიანი დეტალური სახელმძღვანელო, რომელიც NBA-ს მოქმედი და ყოფილი მწვრთნელების, მოთამაშეებისა და საუკეთესო სპეციალისტების მონაწილეობით შეიქმნა. პროგრამა მოიცავს არა მხოლოდ ტექნიკურ და ტაქტიკურ ასპექტებს, არამედ ფიზიკურ მომზადებასა და სპორტსმენის მთლიან განვითარებას.
M: რატომ აირჩია NBA-მ საქართველო და თქვენი გუნდი – რა გახდა მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი?
NBA-მ საქართველო და ჩვენი გუნდი სწორედ იმ განსაკუთრებული ხედვის გამო აირჩია, რომელსაც JBS Academy წარმოადგენს. ჩვენი ამერიკელი მეგობრების მხარდაჭერით დავიკავშირდით NBA-ს წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც წარვადგინეთ ჩვენი ორგანიზაცია და სამომავლო სტრატეგია. სწორედ ჩვენი ხედვა და ღირებულებები, რაც მოიცავს განათლებისა და სპორტის სინთეზს, გახდა ის საფუძველი, რის გამოც NBA-მ საქართველო თავისი პარტნიორი ქვეყნად აირჩია.
JBS Academy – ჯანო ბაგრატიონის სახელობის სკოლა და სპორტული აკადემია – დაფუძნებულია იმ კონცეფციაზე, რომ განათლება და პროფესიული სპორტი სრულფასოვნად შესაძლებელია შერწყმულ იქნას. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მისიაა, რომ ქართველ ახალგაზრდებსა და მათ ოჯახებს აღარ უწევდეთ არჩევანის გაკეთება სწავლასა და სპორტს შორის.
2026 წლის სექტემბრიდან ვგეგმავთ JBS Academy-ის სკოლის გახსნას. სკოლა მიენიჭებს როგორც ქართულ, ისე ამერიკულ აკრედიტაციას, ხოლო სპორტული პროგრამები განხორციელდება მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებთან, მათ შორის NBA-სთან პარტნიორობით.

M: რას წარმოადგენს 10-14 სექტემბრის NBA Basketball School Launch Camp და რა გამოცდილებას მიიღებენ მონაწილეები?
NBA Basketball School Launch Camp არის ხუთდღიანი ინტენსიური პროგრამა, რომელიც 10-14 სექტემბერს გაიმართება და სრულად ეფუძნება The NBA Way-ის მიდგომას. მონაწილეები დაიყოფიან ასაკობრივი და უნარების დონით ჯგუფებად. ყოველდღიური ვარჯიშები (10:00–19:00 საათამდე) მოიცავს როგორც ტექნიკურ და ტაქტიკურ მზადებას, ასევე ფიზიკური განვითარების და თეორიულ სესიებს.
ეს ბანაკი ქართველ გოგონებსა და ბიჭებს მისცემს შესაძლებლობას, საკუთარ თვალით ნახონ და განიცადონ NBA-ს სტანდარტები, ივარჯიშონ მაღალი დონის პროფესიონალების ხელმძღვანელობით და მიიღონ ცოდნა, რომელიც გააძლიერებს მათ როგორც სპორტულ, ისე პიროვნულ განვითარებაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ თემებს, როგორიცაა სპორტული კვება, ფსიქოლოგია, აღდგენითი რეჟიმი და თანამედროვე სპორტსმენისთვის აუცილებელი სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები.
ბანაკს უხელმძღვანელებს NBA Europe-ის ტექნიკური დირექტორი Tremaine Dalton-ი – ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი სპეციალისტი NBA-ს აკადემიურ წრეებში. იგი წარდგენილია Naismith Basketball Hall of Fame-ის წევრობის კანდიდატად – რაც საკალათბურთო სამყაროში უმაღლესი აღიარებაა.

M: როგორ იმუშავებს NBA-ის საკალათბურთო სკოლა საქართველოში და როგორია სწავლების მეთოდოლოგია?
სკოლას უხელმძღვანელებს NBA-ის მიერ შერჩეული უცხოელი მთავარი მწვრთნელი, რომელიც კვირაში მინიმუმ სამჯერ ჩაატარებს ვარჯიშებს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის. მთავარი მწვრთნელისა და სამწვრთნელო შტაბის შესახებ დეტალური ინფორმაცია უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება ჩვენს ვებგვერდსა და სოციალურ მედიაში.
ვარჯიშები ოფიციალურად, 29 სექტემბერს, ლისის ტბის მიმდებარედ მდებარე გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის დარბაზში დაიწყება. შემდგომში დაგეგმილია დამატებითი ლოკაციების გახსნა თბილისში, 2026 წლიდან კი, საქართველოს სხვა ქალაქებშიც.
სწავლების საფუძველს წარმოადგენს The NBA Way – უნიკალური პროგრამა, რომელიც ეფუძნება ათწლეულების განმავლობაში დაგროვებულ პრაქტიკასა და გამოცდილებას. პროგრამა არა მხოლოდ ტექნიკურ და ტაქტიკურ უნარებზე, არამედ დისციპლინაზე, ლიდერობაზე, გუნდურობასა და სპორტული ეთიკის განვითარებაზეა ორიენტირებული.
M: როგორ ეხმარება NBA-ის პროგრამა ახალგაზრდებს საკუთარი პოტენციალის აღმოჩენასა და განვითარებაში და რა პერსპექტივას ქმნის მათთვის?
NBA Basketball School Georgia – როგორც NBA-ს საერთაშორისო ქსელის ნაწილი – ქართველ ახალგაზრდებს სთავაზობს პერსპექტივას, რომელიც დაფუძნებულია წარმატებულ სისტემაზე. The NBA Way აერთიანებს გამოცდილებას, რომელიც შექმნილია NBA-ს მოთამაშეების, მწვრთნელების, მენეჯერების და საუკეთესო პრაქტიკოსების მონაწილეობით. ეს გამოცდილება – ვარჯიში, თამაშების ყურება, სხვა ქვეყნების ახალგაზრდებთან ურთიერთობა – მოსწავლეებს აძლევს მოტივაციას, გააძლიერონ თავიანთი პროფესიული უნარები და აიმაღლონ ხედვა როგორც სპორტში, ისე ცხოვრებაში.
ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ექნებათ ექსკლუზიური შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა NBA Basketball School-ის ყოველწლიურ საერთაშორისო ტურნირში, რომელიც ტარდება აბუ-დაბიში. გარდა ამისა, მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ საერთაშორისო ბანაკებში ევროპის წამყვან დედაქალაქებში, რომლებიც იმართება NBA-ს ოფიციალური მატჩების პარალელურად – ამჯერად, ლონდონში, პარიზსა და ბერლინში.
M: რა გავლენას მოახდენს NBA-ის საკალათბურთო სკოლა ქართული კალათბურთის განვითარებაზე და რა ღირებულებებს შემოიტანს ქართულ საკალათბურთო კულტურაში?
მოსწავლეებისთვის გათვალისწინებულია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლის შესაძლებლობები. ყოველივე ეს, ერთობლიობაში ქმნის ეკოსისტემას, რომელიც აყალიბებს პროფესიონალ სპორტსმენებს და საერთაშორისო წარმატებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდა ლიდერებს.
NBA-ს ფილოსოფიის – პატიოსნება, ერთიანობა, თანასწორობა – დანერგვა ქართულ რეალობაში ხელს შეუწყობს მაღალი ეთიკური სტანდარტების ჩამოყალიბებას სპორტულ საზოგადოებაში.
NBA Basketball School Georgia მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქართული კალათბურთის პროგრესში რამდენიმე მიმართულებით. ერთი მხრივ, ბავშვებსა და მოზარდებს ექნებათ წვდომა მსოფლიო დონის პროგრამაზე, რაც მათ ტექნიკურ და ტაქტიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს. მეორე მხრივ, ისინი ადრეული ასაკიდან ისწავლიან სპორტული კულტურის ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა დისციპლინა, პატივისცემა, გუნდურობა და ლიდერობა.
